English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ეთერ ხარაიშვილი
ატიპური კრიზისის გავლენა ხილის ბაზარზე: სტრუქტურული ცვლილებები და გამოწვევები

სტატიაში გაანალიზებულია ხილის ბაზრის განვითარების ტენდენციები გლობალურ და ქვეყნის დონეზე, შეფასებულია ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში ატიპური კრიზისით გამოწვევული პრობლემები, შესწავლილია ხილის ბაზარზე ამ კრიზისის გავლენის შედეგები, განხილულია ბაზრის დივერსიფიკაციის შესაძლებლობები.

საქართველოს აგროსასურსათო სექტორში არსებული პრობლემებიდან მნიშვნელოვანად არის მიჩნეული ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების, საექსპორტო პოტენციალის ამაღლების გზების, ექსპორტ-იმპორტის ოპტიმალური ბალანსის უზრუნველყოფის, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის პოტენციალის კვლევა. შესაბამისად, გაანალიზებულია აგროსასურსათო სექტორში ხილის წარმოების ტენდენციები და მწარმოებლურობის მაჩვენებლები.
ნაშრომში შესწავლილია ქართული ხილის ექსპორტ-იმპორტის ძირითადი მაჩვენებლები. ანალიზის გზით გამოვლენილია ექსპორტ-იმპორტის დადებითი და უარყოფითი ტენდენციები, გაანალიზებულია ხილის ძირითადი საექსპორტო ბაზრები, შეფასებულია ამ ბაზრებზე ექსპორტ-იმპორტის ცვლილებები, გამოვლენილია ხილის ინდუსტრიის თანამედროვე გამოწვევები. ექსპორტის ზრდა განხილულია, ერთი მხრივ, როგორც ადგილობრივი წარმოების ზრდის, ხოლო მეორე მხრივ, მწარმოებლურობის ამაღლებისა და ბაზრის დივერსიფიკაციის შესაძლებლობა.
საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ხილის შესვლის პირობები და ბაზრის დივერსიფიკაციის შესაძლებლობები შეფასებულია ბიზნესანალიზის მოდელით, კერძოდ, მ. პორტერის კონკურენციის ხუთი ფაქტორით გაანალიზებულია: ბაზარზე არსებული კონკურენციის დონე, ბაზარზე ახალი შემსვლელების პოტენციალი, მომხმარებლის ძალაუფლება, მიმწოდებლის ძალაუფლება, ბაზარზე შესვლის ბარიერები. გაკეთებულია დასკვნები ხილის ბაზარზე არსებულ პრობლემებზე და შემუშავებულია რეკომენდაციები ბაზრის დივერსიფიკაციის შესაძლებლობებზე.

საკვანძო სიტყვები: ატიპური კრიზისი, ხილის ბაზარი, სტრუქტურული ცვლილებები, კონკურენციის ფაქტორები, ბაზრის დივერსიფიკაცია.

შესავალი


ხილის ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსახლეობის დაბალანსებულ კვებაში. თანამედროვე მსოფლიოში გამოკვეთილია ტენდენცია, რომ ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით მომხმარებლის კვების სტრუქტურაში ხილზე მოთხოვნა ზრდადია. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია მსოფლიოში ამ ინდუსტრიის შემდგომი ზრდა და სტაბილური განვითარება (Global fruit industry factsheet, 2020). ხილის წარმოებისა და მოხმარების ზრდის ტენდენციას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, მათგან აღსანიშნავია: მოსახლეობის მთლიან რაოდენობაში საშუალო ფენის წილის ზრდა, მოსახლეობის ერთჯერადი შემოსავლის ზრდა, ურბანიზაციის სწრაფი პროცესი, მომხმარებელთა ცხოვრების წესის ცვლილება ჯანსაღი კვების პროდუქტებით, ხილის მახასიათებლების შესახებ ცნობიერების ამაღლება და სხვა. ხილის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებზე, ასევე, გავლენას მოახდენს ნედლი ხილის სეგმენტის წილის შემდგომი გაზრდა, ბრენდინგის განვითარება, ტექნოლოგიური წინსვლა და ონლაინ სასურსათო ქსელების განვითარება.
საქართველოს ხილის წარმოებისათვის შესაბამისი ბუნებრივ-რესურსული პოტენციალი და ფარდობითი უპირატესობა გააჩნია [ხარაიშვილი ე., ზვიადაძე ე. 2011]. ქართული ხილის მსოფლიო ბაზარზე პოზიციების შენარჩუნებისა და დივერსიფიკაციის მიზნით, აუცილებელია წარმოების ტენდენციების კანონზომიერების შესწავლა, ხილის ბაზარზე პროდუქტის მიწოდების ქსელისა და პირობების ანალიზი, ხილის ბაზარზე ატიპური კრიზისით გამოწვეული ცვლილებების შეფასება, ბაზარზე კონკურენტული ძალების შეფასება და დივერსიფიაკაციის შესაძლებლობების დადგენა. შესაბამისად, კვლევის მიზანია ხილის ბაზარზე ატიპური კრიზისის გავლენის შეფასების საფუძველზე ბაზრის სტრუქტურული ცვლილებების გამოვლენა და დივერსიფიკაციის შესაძლებლობებზე რეკომენდაციების შემუშავება.

კვლევის მეთოდოლოგია


ნაშრომში გამოყენებულია კვლევის სხვადასხვა მეთოდი - ბიბლიოგრაფიული, ანალიზის, შედარების, ექსპერტული და ა.შ. ასევე, ბიზნესანალიზის მოდელი (მ. პორტერის კონკურენციის ხუთი ძალა). სტატიაში გაანალიზებულია FAO-სა და სასურსათო პროდუქტებით მსოფლიო ვაჭრობის ანგარიშები და მონაცემთა ბაზები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების ვებგვერდები და სხვა.

ატიპური კრიზისით გამოწვეული ცვლილებები ხილის ბაზარზე
ატიპური კრიზისის პირობებში არსებითი დაბრკოლებები შეიქმნა სურსათის მიწოდებაში, როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზრებზე. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სურსათის მიწოდების შემაფერხებელი ფაქტორები გენერირებულია არა ეკონომიკაში, არამედ პროვოცირებულია ეკონომიკის ფარგლებს გარეთ არსებული წყაროს შედეგად (Kharaishvili E., Lobzhanidze N. 2022). ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მსოფლიო დადგა კლასიკური ეკონომიკური კრიზისისგან განსხვავებული, ატიპური კრიზისის საფრთხის წინაშე (Papava V. 2020). COVID-19 პანდემიამ დასაწყისში ღრმა ეკონომიკური რეცესია გამოიწვია და მრავალ ქვეყანაში გააღრმავა ქრონიკული სასურსათო დაუცველობა (FAO, 2021).
ატიპური კრიზის გამო შესაცვლელი გახდა სასურსათო ვაჭრობის პოლიტიკაც, ასევე, საჭირო გახდა საინვესტიციო ნაკადებისადმი ბიზნესის დამოკიდებულების შეფასება (Shonia N., Mushkudiani Z., Siradze M. 2022). სურსათით ვაჭრობასა და მიწოდების ჯაჭვის ფუნქციონირებაზე უშუალოდ არის დამოკიდებული სასურსათო ბაზრების ეფექტიანი მუშაობა (Kharaishvili E., Gechbaia B., Erkomaishvili G., Lobzhanidze M., Natsvlishvili I. 2022).
სასურსათო პროდუქტებით ვაჭრობა ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კულტურული, პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას (Kharaishvili E., Gechbaia B., Zviadadze E., Mushkudiani Z., Tsilosani A. 2021), თუმცა, გარკვეული გამოწვევების წინაშე აყენებს განვითარებად ქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ვაჭრობა გარკვეულ შესაძლებლობებსაც იძლევა საერთშორისო ბაზრებზე შესასვლელად (Kharaishvili E., Natsvlishvili I., Lazariashvili T. 2020).
ატიპურმა კრიზისმა ზოგადად მნიშვნელოვანი საფრთხე შექმნა სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ხილის ინდუსტრიაზე. ხილის წარმოება მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორია დასაქმებისა და შემოსავლების მიხედვით. ამ სექტორში ფორმირებულია კარგად ორგანიზებული მიწოდების ჯაჭვი. COVID-19 პანდემიის აფეთქებამ კი ნაწილობრივ შეაფერხა მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანი ფუნქციონირება და ცვლილებები შეიტანა ზოგიერთი პროდუქტის მოხმარების ტენდენციაში (The fruits and vegetables idustry, 2021).
მკვლევარები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ხილის ბაზრის ზრდის ფაქტორებს, მთავარი აქცენტი მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნის ზრდაზეა გაკეთებული, ასევე, დეტალურად არის განხილული ინდუსტრიის სეგმენტური ანალიზი (Fruit & Vegetable Processing Market, 2022). ხილის ინდუსტრია ამჟამად გლობალიზაციის პროცესშია, ამიტომ, მეცნიერები ფოკუსირებას ახდენენ ინდუსტრიის რესტრუქტურიზაციის საკითხებზე (William H. Friedland, 201).
ატიპური კრიზისის გამო მიწოდების ჯაჭვში შეიქმნა შეზღუდვები, თუმცა, საზღვრების ჩაკეტვის შემთხვევაშიც კი (პანდემიის პირველ ეტაპზე) აუცილებელი გახდა ქვეყნებს შორის სასურსათო პროდუქტებით ვაჭრობის გაგრძელება, უფრო მეტიც, მეცნიერებმა საჭიროდ მიიჩნიეს ვაჭრობის წახალისება (Headey et al. 2020).
სურსათის მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობა, მათ შორის ხილის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო მოსახლეობისათვის, როგორც აუცილებელი კვების პროდუქტებზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (Kharaishvili E. 2017), ასევე, მათი შემოსავლების ზრდისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად (Kharaishvili E., Gechbaia B., Zviadadze E., Mushkudiani Z., Tsilosani A . 2021).

ხილის ბაზრის განვითარების ტენდენციები და სტრუქტურული ცვლილებები

ბოლო ათწლეულში ხილითა და ბოსტნეულით საერთაშორისო ვაჭრობა უფრო მაღალი ტემპით გაიზარდა, ვიდრე სხვა პროდუქტებისა [David M Granatstein. 2013]. გლობალური ხილის ბაზრის ანალიზმა გვიჩვენა, რომ განსაკუთრებით იზრდება ორგანული ხილის წარმოება, შესაბამისად, ამ სფეროს განვითარების ტენდენციები მეცნიერთა კვლევის არეალშია მოქცეული, ყურადღება გამახვილებულია დომინანტურ ბაზრებზე ორგანული პროდუქტების ზრდის შესაძლებლობებზე. გასათვალისწინებელია, რომ მომხმარებლები ხშირად ახდენენ პრეფერენციათა ცვლილებას და ამიტომ საჭიროა ამ მიმართულებით საცალო ვაჭრობის ქსელის კონსოლიდაცია (Jorge B. Retamales, 2011).
ხილის წარმოებაში ტექნოლოგიების განვითარება და მიწოდების ჯაჭვის ინფრასტრუქტურის სწრაფი გაუმჯობესება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყო მოსავლიანობის მუდმივი ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი. მიმდინარე ეტაპზე ხილის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია ხეხილის უმეტესობისთვის, განსაკუთრებით ვაშლისა და მსხლისთვის, გახდა მჭიდროდ დარგული მცირე ზომის ნარგავების გაშენება განსაკუთრებულად რეგულირებული განაყოფიერებითა და მორწყვით. ინდუსტრიის ამ სტილით განვითარება ზრდის მოსავლიანობას და ამცირებს დანახარჯებს. როგორც წესი, გლობალურ ხილის ინდუსტრიაში შრომითი დანახარჯი ყველაზე მაღალია სხვა სასურსათო პროდუქტებთან შედარებით, ამიტომ ხილის ინდუსტრიის ასეთი განვითარება იწვევს მასობრივ სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შემცირებას.
ხილის ინდუსტრიაში გამოკვეთილია ტენდენცია, რომ ნედლ და გაყინულ ხილზე მოთხოვნა ზრდადია, ხოლო დაკონსერვებულზე - კლებადი. RABORESEARCH-ის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში წარმოებული ხილის დაახლოებით 80% იყიდება როგორც ნედლი ხილი და ეს ბაზარი დღესაც ზრდადია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა გაყინულ ხილზე მოთხოვნაც - წელიწადში 5%-ით. ამავდროულად, უცვლელი დარჩა დაკონსერვებულ ხილზე მოთხოვნა, ზოგიერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი შემცირდა კიდეც, მაგალითად, ევროპის ქვეყნებში, ავსტრალიასა და აშშ-ში - წელიწადში საშუალოდ 1%-ით (Food & agribusiness research. 2021).
მომხმარებელთა პრეფერენციების ცვლილება დამახასიათებელია ორგანულ ხილზე მოთხოვნის ზრდის თვალსაზრისითაც. თუმცა, ამ სახეობის ხილზე მოთხოვნის ზრდა მაღალშემოსავლიან ქვეყნებში მეტია, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში. ორგანულ ხილზე მოთხოვნის მთავარი დეტერმინანტია მოსახლეობის შემოსავლები და ამ პროდუქტების ყიდვის წილი მთლიანი პროდუქტის შესყიდვებში მკვეთრად განსხვავდებულია ქვეყნების მიხედვით: ავსტრალიაში ეს მაჩვენებელია 2%, ნიდერლანდებში - 5%, აშშ-ში - 9%, შვედეთში - 15%.
2020 წელს ხილის კულტურებით გაშენებულმა ფართობმა მსოფლიოში თითქმის 65 მლნ ჰექტარი შეადგინა (იხ. დიაგრამა 1)
ხილის კულტურებით გაშენებული ფართობი 1990-2020 წწ, მლნ ჰა
დიაგრამა 1.


წყარო: [Global area of fresh fruit harvested from 1990 to 2020]
დიაგრამიდან ჩანს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ხილის კულტურებით გაშენებული ფართობი დინამკიურად ზრდადია. ამავე პერიოდში ხილის წარმოება მსოფლიოში 2020 წელს 2-ჯერ და მეტად გაიზარდა 1990 წელთან შედარებით 870 მლნ ტონა შეადგინა (იხ. დიაგრამა 2).

 

ხილის გლობალური წარმოების დინამიკა, მლნ ტონა, 1990-2020 წწ.
დიაგრამა2


წყარო: [Fresh fruit production worldwide 1990-2020].
ხილის გლობალურ ბაზარზე წამყვანი პოზიიცია (ბაზრის 49%) აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს უჭირავს. დასავლეთ ევროპის წილად მოდის გლობალური ხილის წარმოების 13%. მსოფლიოს ქვეყნებს შორის კი ჩინეთია უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანა, მის წილად მოდის მსოფლიოში წარმოებული ხილის დაახლოებით 240.8 მლნ ტონა. ინდოეთი, ბრაზილია და აშშ, ასევე, არიან ხილის წამყვანი მწარმოებლები მსოფლიოში.
2020 წლის მონაცემებით გლობალური ხილის წარმოებაში წამყვანია ბანანის წარმოება - 119,8 მლნ ტონა, ასევე, საზამთროს - 101,6 მლნ ტონა, ვაშლის - 86,4 მლნ ტონა, ყურძნის - 78,0 მლნ ტონა, ციტრუსებისა - 75,5 მლნ ტონა, მანგოს - 54,8 მლნ ტონა და ა. შ. წარმოება (Global fruit production in 2020, by selected variety).ნედლი ხილის ძირითადი მწარმოებელი ქვეყნები მოცემულია ცხრილში 1.
ნედლი ხილის მწარმოებელი 10 ძირითადი ქვეყანა, 2020 წელი
(Top 10 Fruit Producing Countries 2022)
ცხრილი 1.
# ქვეყანა ხილის წარმოება
მლნ ტონა
1 ჩინეთი 154 364
2 ინდოეთი 82 632
3 ბრაზილია 37 774
4 აშშ 26 986
5 ესპანეთი 17 699
6 მექსიკა 17553
7 იტალია 16 371
8 ინდონეზია 16 003
9 ფილიპინები 15 887
10 თურქეთი 15 341
წყარო: შედგენილია ავტორის მიერ https://www.statista.com/statistics/264001/worldwide-production-of-fruit-by-variety/ მასალებზე დაყრდნობით

ბოლო 30 წლის განმავლობაში მსოფლიოს მოსახლეობა 70%-ით გაიზარდა, თუმცა, ამავე პერიოდში მოსახლეობის ერთ სულზე ხილის მოხმარება მხოლოდ 20%-ით არის გაზრდილი და ეს მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით არსებითად განსხვავებულია: აშშ-ში ნედლი ხილის წლიური მოხმარება შადგენს 90 კგ-ს ერთ ადამიანზე, ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ არის 92,5 კგ, ჩინეთში 97,9 კგ, მექსიკაში 114,2 კგ, ბრაზილიაში 93,9 კგ, იტალიაში 114,9 კგ, ავსტრალიაში 75,9 კგ, თურქეთში 128 კგ, სომხეთში 122,7 კგ, აზერბაიჯანში 76,0 კგ, უკრაინაში 50,3 კგ, საქართველოში 38,5 კგ და ა. შ. (Fruit consumption per capita. 2017).
ხილის მთლიანი გლობალური მოცულობის თითქმის 50%-ს აწარმოებს ხუთი ქვეყანა: ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, აშშ და ესპანეთი. მთავარი მწარმოებელია ჩინეთი, რომლის წილი მთლიან წარმოებაში 23%-ს შეადგენს.
ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნები არიან ესპანეთი, აშშ და იტალია, ხოლო მთავარი იმპორტიორი ქვეყნებია აშშ, გერმანია, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი.
მსოფლიოში ნედლი ხილის ექსპორტიორთა შორის გამორჩეულია ლათინური ამერიკის ქვეყნები. მათ წილად მოდის ხილის მსოფლიო ექსპორტის 85%, მთლიანი ექსპორტის 30% მოდის ჩრდილოეთ ამერიკის, ასევე, მესამედზე მეტი ევროკავშირის, ხოლო 12%, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებზე.
აფრიკის ქვეყნები წარმოებული ხილის თითქმის 90%-ის ექსპორტს ახორციელებენ, მათგან 40% მოდის ევროკავშირის, 18% - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებზე, 15% - სპარსეთის ყურის ქვეყნებზე.
აშშ ხილის უმსხვილესი იმპორტიორია მსოფლიოში, ამასთან, იმპორტის მოცულობა ზრდადი ტენდენციისაა. ბოლო ათი წლის განმავლობაში აშშ-ის ხილის მთლიანი იმპორტი 3,2 მლნ ტონით გაიზარდა, რაც 77%-იანი ზრდაა ათწლეულის განმავლობაში. აშშ-ის ბაზრისათვის ყველაზე დიდი ხილის მიმწოდებელია მექსიკა.
საექსპორტო ბაზარი ძირითადად ნედლ ხილზე მოთხოვნის ზრდითა და ვაჭრობის ხელშემწყობი ტექნოლოგიების განვითარებით იზრდება. ამასთან, მომხმარებლები მზად არიან ნედლ ხილზე გადაიხადონ უფრო მაღალი ფასი არასეზონური ხილის მიწოდების შემთხვევაში. გაზრდილი მოთხოვნა და ახალი ტექნოლოგიების განვითარება ხელს უწყობს ნედლი ხილით საერთაშორისო ვაჭრობის ზრდას, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის პროდუქტის დიდ არჩევანს მთელი წლის განმავლობაში.
ექსპორტირებული ხილის შემთხვევაში ხარისხის მაჩვენებელია პროდუქტის მოცულობასა და ფასს შორის თანაფარდობის ინდიკატორი. რაც უფრო დაბალია თანაფარდობა, მით უფრო მაღალია ხილის შედარებითი ხარისხი. ეს კოეფიციენტი ყველაზე მაღალია ახალ ზელანდიაში (1-თან ახლოს); ის მერყეობს 1-დან 2-მდე - აშშ-ში, ევროპის ქვეყნებში, ჩილეში, არგენტინასა და თურქეთში; სამხრეთ აფრიკისა და ბრაზილიისთვის იცვლება 2-დან 3-მდე და შესაბამისად ყველაზე დაბალ ხარისხს აჩვენებს; ჩინეთის, კოლუმბიისა და ფილიპინებისთვის ამ კოეფიციენტის მნიშვნელობა 3-ზე მეტია.
ნედლი ხილის, მათ შორის მინიმალურად დამუშავებული ხილის იმპორტის მიხდვით, მსოფლიო ბაზარზე ლიდერობს აშშ, გერმანია, ნიდრლანდები, დიდი ბრიტანეთი და რუსეთის ფედერაცია. მთავარმა იმპორტიორმა ქვეყნებმა ბაზრის დივერსიფიკაცია, ისიც მცირე მოცულობით, მხოლოდ ტრადიციულ ბაზრებზე მოახდინეს. ევროპის ქვეყნებში ხილის იმპორტის საშუალოზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ხილის იმპორტი ჩინეთში (161%), არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (129%), ჰონგ კონგში (108%), რუსეთის ფედერაციაში (105%) და ნიდერლანდებში - (74%) (Total value of U.S. agricultural exports from 2012 to 2022).
ნედლი ხილის ბაზარზე მნიშვნელოვანია არა მარტო მსხვილი მწარმოებლებისა და ექსპორტიორების იდენტიფიცირება, არამედ იმის დადგენაც, თუ რომელი ქვეყნები მისდევენ ბაზრის დივერსიფიკაციას. აშშ-ს, ევროპის ქვეყნებს და ჩილეს ბაზრის 10%-ზე მეტი უჭირავს. ხილის ექსპორტიორი ქვეყნებიდან მექსიკას და სამხრეთ აფრიკას, თითოეულს მსოფლიო ბაზრის დაახლოებით 10% უკავია. ახალი ზელანდია, არგენტინა, თურქეთი, კოლუმბია, ფილიპინები, ჩინეთი და ბრაზილია ხილის მსოფლიო ბაზრის 2%-დან 5%-მდე წილს ფლობს (Total value of U.S. agricultural exports from 2012 to 2022).
ბაზრის წილის ტენდენციების ცვლილების მიხედვით ქვეყნები შესაძლებელია სამ ჯგუფად დაიყოს: პირველი ჯგუფის ქვეყნებში ბაზრის წილი შემცირებულია (აშშ, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა). ყველაზე მნიშვნელოვანია ხილის ექსპორტიორი ქვეყნების მეორე ჯგუფი, რომლებმაც მცირედით შეამცირეს ან თითქმის უცვლელი დატოვეს ბაზრის წილი (ევროკავშირის ქვეყნები, ახალი ზელანდია, ჩილე, მექსიკა, კოლუმბია, თურქეთი, ფილიპინები და ბრაზილია). მესამე ჯგუფში გაერთიანებულია ქვეყნები, რომლებმაც ბოლო პერიოდში გაზარდეს ბაზრის წილი (სამხრეთ აფრიკა და ჩინეთი).
საქართველოში ხეხილის ბაღებით დაკავებულმა ფართობმა 2020 წლის მონაცემებით 75,6 ათასი ჰა შეადგინა, რაც თითქმის 2-ჯერ აღემატება ვენახებით დაკავებულ ფართობს (41 ათასი ჰა) და 8-ჯერ - ციტრუსის პლანტაციებს (9,1 ათასი ჰა) (სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2021). მრავალწლოვანი კულტურების მაჩვენებლები 2014-2021 წლებში მოცემულია დიაგრამაზე 3.
მრავალწლოვანი კულტურების წარმოება, ათასი ტონა

(2014-2021წწ.)
დიაგრამა 3.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები

2021 წლის მონაცემებით საქართველოში ხილის წარმოებამ 232,2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 45 ათასი ტონით მეტია 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ოჯახური მეურნეობების წილი ამ წლებში საშუალოდ 96.6%-ია. შიდა ქართლში იწარმოება 82,7 ათასი ტონა - საქართველოში წარმოებული ხილის 37.4%. წარმოების მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით 2021 წელს 3,8 ათასი ტონით არის შემცირებული (საქართველოს სოფლის მეურნეობა. სტატისტიკური პუბლიკაცია, 2021).
2020 წელს, საქართველოდან 942.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ძირითადად ექსპორტირებულია: ღვინო (22%), სპირტიანი სასმელები (14%), მინერალური და მტკნარი წყლები (12%), თხილი (10%), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (3%) და სხვა. 2020 წელს, აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტი 92 ქვეყანაში განხორციელდა. რაც შეეხება 2020 წელს ხილის ექსპორტს, ამ მაჩვენებელმა 134 262 ტონა შეადგინა (169 მლნ აშშ დოლარი და ის 2019 წლის მაჩვენებელზე 40%-ით მეტია. ხილის ექსპორტის ზრდა სახეობების მიხედვითაც აღინიშნება (იხ. ცხრილი 2). თუმცა, როგორც მონაცემების შესწავლამ გვიჩვენა, ხილის ძირითადი პროდუქტებისთვის ბაზარი მაინც რუსეთია (გამონაკლისია თხილი, მსხალი და ნუში). თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარია ევროკავშირის ქვეყნები (მთლიანი ექსპორტის 78.4%).

ნედლი ხილის ექსპორტი 2019-2020 წლებში
ცხრილი 2.



წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემები.

აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტი გაზრდილია როგორც რაოდენობრივად, ასევე, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მხრივაც. 2020 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 2 514 ტონა ვაშლი, 7-ჯერ მეტი, ვიდრე 2019 წელს. ექსპორტით მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად, 370%-ით არის გაზრდილი და 1,1 მლნ დოლარს შეადგენს. ქართული ვაშლის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი (2 431 ტონა), ყაზახეთი (75 ტონა) სომხეთი (6.5 ტონა), სინგაპური და ჰონკონგი (0.3 ტონა). ბოლო პერიოდში, საქართველოში სახელმწიფოს მხარდაჭერით, 1 128 ჰა-ზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. 2021 წლის (1 აგვისტოდან 2022 წლია 6 თებერვლის ჩათვლით) საქართველოდან 4 928 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2020 წელთან შედარებით ვაშლის ექსპორტის მოცულობა 6 012ტონით (55%), ხოლო ღირებულება-1.6 მლნ აშშ დოლარით (33%) შემცირდა. თუმცა, ვაშლის ექსპორტის მოცულობის შემცირების ფონზე, საექსპორტო ფასი 49%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (4,922 ტონა), მხოლოდ 6 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემები).
აღსანიშნავია, რომ კურკოვანი კულტურები (ატამი, ვაშლატამა, ქლიავი, გარგარი და ალუბალი) ევროპის მრავალ ქვეყანაში მოჰყავთ [საექსპორტო პოტენციალის მქონე აგროპროდუქტები და ნიშური ბაზრები ევროკავშირში. 2015], ამიტომ ევროკავშირში განვითარებადი ქვეყნებიდან იმპორტი მხოლოდ იანვრიდან-მარტამდე (არასეზონურ) პერიოდში ხდება [ცოცხალი ხილი და ბოსტნეული გერმანიაში (2018)]. წლის ამ დროს დეფიციტია საქართველოშიც, რადგან ჯერ, ერთი წარმოების მოცულობა მცირეა და მეორეც, შესაბამისი რაოდენობის სამაცივრე მეურნეობები არ არსებობს.
ქართული ხილის წარმოებისა და ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების შესაფასებლად მონაცემები დაჯგუფდა პანდემიამდე (2018-2019 წწ.) და პანდემიის შემდეგ (2020-2021 წწ.) პერიოდების მიხედვით. გავითვალისწინეთ, რომ რაოდენობრივი და ღირებულებითი განზომილების მიხედვით ვაჭრობის მაჩვენებლების მხრივ ამ პერიოდებში არსებითი განსხვავება არ აღინიშნებოდა. ტიპური და ატიპური კრიზისების შედარების საფუძველზე, ასევე, პანდემიამდე და პანდემიის შემდგომი პერიოდების სტატისტიკური მონაცემების შედარებით აღმოჩნდა, რომ ხილით ვაჭრობაზე პანდემიას არსებითი გავლენა არ მოუხდენია.
ტიპური და ატიპური კრიზისები ერთამანეთისაგან არსებითად განსხვავდება, თუმცა, ხილის ინდუსტრიის განვითარების მდგრადობა ორივე კრიზისის შემთხვევაში შენარჩუნებულია. ზოგადად, პანდემიის პირველ წელს ფიქსირდება აგროპროდუქტებით ვაჭრობის შემცირება, მომდევნო წლებში კი აღინიშნა ჯერ კლებადი ზღვრული, შემდეგ კი ზრდადი ზღვრული უკუგება (ხარაიშვილი, ე. ლობჟანიძე ნ. 2022).
ხილის ინდუსტრიის განვითარებისა და ბაზრის დივერსიფიკაციის თვალსაზრისით მასალების დაჯგუფების საფუძველზე, გამოვლინდა ხილის მოხმარებაში არსებული ტენდენციები. დღეს გამოკვეთილია რამდენიმე ძირითადი ტენდენცია, მათ შორის:

• მოსახლეობის ზრდა იწვევს მოთხოვნის ზრდას სურსათზე, მათ შორის - ნედლ ხილზე;
• შემოსავლების ზრდა განაპირობებს მოთხოვნის ზრდას ნედლ ხილზე;
• იცვლება მომხმარებელთა პრეფერენციები, რაც გავლენას ახდენს ხილზე მოთხოვნის ცვლილებაზე;
• ხილზე მოხმარების ზრდა უპირატესად იზრდება საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში;
• შემოსავლების მატება ზოგიერთ ქვეყანაში ზრდის მოთხოვნას შედარებით მაღალი ელასტიკურობის მქონე სურსათზე (ხილი, ხორცი);
• თანამედროვე შენახვის სისტემები უზრუნველყოფს მთელი წლის განმავლობაში ნედლ და არასეზონურ ხილზე ხელმისაწვდომობას;
• ბაზრის პოპულარიზაცია და მომხმარებელთა ინფორმირებულობა ნედლი ხილის მნიშვნელობის შესახებ, ზრდის მასზე მოთხოვნას და სხვა.

ხილის ბაზრის შეფასება კონკურენციის ხუთი ფაქტორით

საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ხილის შესვლის პირობები და ბაზრის დივერსიფიკაციის შესაძლებლობები შეფასდა ბიზნეს ანალიზის მოდელით (Porter's Five Forces), კერძოდ, პორტერის კონკურენციის ხუთი ფაქტორით გაანალიზდა: ხილის ბაზარზე არსებული კონკურენციის დონე, ბაზარზე ახალი შემსვლელების პოტენციალი, მომხმარებლის ძალაუფლება, მიმწოდებლის ძალაუფლება, ბაზარზე შესვლის ბარიერები.
ნედლი ხილის საექსპორტო ბაზარზე კონკურენციის დონე შედარებით მაღალია ძირითად ექსპორტიორებს შორის. ხილის ინდუსტრიის განვითარებისა და მწარმოებლების შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით, საქართველოსთვის გადამწყვეტია საერთაშორისო ბაზრებზე წვდომა. ბაზარზე შესვლის გაუმჯობესებისა და ექსპორტის შემდგომი სტიმულირების ერთ-ერთი საშუალებაა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. ბაზრის დივერსიფიკაციისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მარკეტინგული ტექნიკის სხვადასხვა მეთოდის გამოყენება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ბუნებრივ-რესურსული პირობების ეფექტიანად ამოქმედებისა და შედარებითი უპირატესობის გამოყენებით შესაძლებელია, ერთი მხრივ, ხეხილის ფართობების გაზრდა, ხოლო, მეორე მხრივ, ინტენსიური წარმოების განვითარება, ნათელია, რომ ქართული ხილის საერთაშორისო ბაზრებზე გატანის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. ხილზე განსაკუთრებით ზრდადია მოთხოვნა ევროპის ბაზარზე. შესაბამისად, ხილის ექსპორტის ზრდის პერსპექტივაც არსებობს ისეთი ფაქტორების გათალისწინებით, როგორიცაა: ხილის ბრენდების შექმნა, პროდუქტის რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრების გაუმჯობესება, ცნობადობის გაზრდა შესაბამისი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით, პროდუქტისა და ბაზრის დივერსიფიკაცია და სხვა. ბაზარზე ახალი შემსვლელების პოტენციალისა და პროდუქტის შემცვლელების გამოჩენის შესწავლამ გვიჩვენა, რომ საფრთხეები გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ახალ შემომსვლელებს ნაკლები დანახარჯები ექნებათ კონკურენციის გასაწევად და სხვა ქვეყნებიდან ბაზარზე პროდუქტები იმავე პერიოდში შევა, როგორც საქართველოდან ან კომპანიები მოახერხებენ გაყიდვებისა და მომსახურების ახალი ინსტრუმენტების შეთავაზებას.
მომხმარებლის ძალაუფლება მნიშვნელოვანია ხილზე ფასების შესამცირებლად. ამ ინდიკატორს განსაზღვრავს მომხმარებელთა რაოდენობა, ასევე, ერთი მომხმარებლიდან მეორეზე გადასვლის ალტერნატიული დანახარჯი და სხვა.
მიმწოდებლის ძალაუფლება, ცხადია, განსაზღვრავს პროდუქტისა და მომსახურების ფასს. მასზე გავლენას მოახდენს ხილის მიმწოდებელთა რაოდენობა, პროდუქტის თავისებურებურებები, ერთი მიმწოდებლიდან მეორეზე გადასვლისთვის განკუთვნილი ალტერნეტიული დანახარჯი და სხვა.
ხილის ბაზარზე შესვლის ბარიერებიდან აღსანიშნავია ინვესტიციები. ხილის ინდუსტრია ინვესტიციების დიდ მოცულობას მოითხოვს. შესვლის ბარიერებიდან ქართული ხილისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნია კანონით განსაზღვრული მოთხოვნები, როგორიცაა ნებართვები, ლიცენზიები, ქვოტები, ხოლო არაპირდაპირი ბარიერებიდან შესაძლებელია განვიხილოთ მომხმარებლის მხრიდან არსებული მოთხოვნები, ასევე, სხვა სტანდარტი.
დასკვნები და რეკომენდაციები

გლობალური ვაჭრობის ზრდა ხილის ბაზრისთვის განიხილება, ერთი მხრივ, როგორც საფრთხე შემდგომი განვითარებისათვის, ხოლო მეორე მხრივ, როგორც შესაძლებლობა დივერსიფიკაციისათვის. ამ თვალსაზრისით მიზანშეწონილია ხილის ბაზარზე არსებული გამოწვევების გამოვლენა და მათი გადაჭრისათვის რეკომენდაციების შემუშავება. ხილის ბაზრის სტრუქტურული გარდაქმნების, დივერსიფიკაციის, ბიზნესის გარემოს შეფასების, მოსახლეობის პრეფერენციების ცვლილების შესწავლით გამოვლინდა რიგი გამოწვევები და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები:
• ხილის ინდუსტრიაში მთავარ გამოწვევად რჩება კონკურენტულ პროდუქტზე ფასები და მთელი წლის მანძილზე უწყვეტი ნედლი ხილის მიწოდების შესაძლებლობა. ხილზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნებასა და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფაში დიდი როლის შესრულება შეუძლია წარმოების, გადამუშავებისა და შენახვის ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას, ლოგისტიკური სტრუქტურის გაუმჯობესებას, შესაბამისი შესაფუთი და სამაცივრე სისტემების შექმნას.
• ხილის ინდუსტრია შრომატევადი სფეროა, შესაბამისად, მის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს სამუშაო ძალაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა და დაბალი მწარმოებლურობა. დასახელებული პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია იმ კომპანიებისათვის, რომლებიც გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოწვევის წინაშე დგანან. საერთაშორისო დონის შესაბამისი პროფესიული განათლების განვითარებითა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებით, სტიმულირების სისტემების დანერგვით, შესაძლებელია ამ გამოწვევის დაძლევა.
• საქართველოში დაბალია ხილის ბაზრის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა. საჭიროა შესაბამისი საინფორმაციო სისტემების შექმნითა და მართვის თანამედროვე IT სისტემების გამოყენებით გლობალურ ქსელებზე წვდომის უზრუნველყოფა.
• მომხმარებლები ხშირად ცვლიან პრეფერენციებს, ასეთ პირობებში აუცილებელია შესაბამისი მოთხოვნების გამოვლენა და საცალო ვაჭრობის ქსელის კონსოლიდაცია/რეორგანიზაცია.
• კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსავლის დანაკარგებზე, მავნებლებისა და დაავადებების გავრცელებაზე. ხილის ინდუსტრიის განვითარება/დივერსიფიკაცია მოსახლეობისათვის უსაფრთხო და მდგრადი გარემოს შენარჩუნებით უნდა განხორციელდეს.
ხილის ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების დაძლევით, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ხილის შესვლის პირობებისა და ბაზრის დივერსიფიკაციის პოტენციალის ეფექტიანი გამოყენებით, შესაძლებელი გახდება ამ ინდუსტრიის შემდგომი განვითარება, რაც დადებით გავლენას მოახდენს მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაზე.

 


ლიტერატურა:


• სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2021). მრავალწლოვანი კულტურების წარმოება. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/196/soflis-meurneoba /ბოლო ნახვა 20 თებერვალი, 2023/
• საქართველოს სოფლის მეურნეობა (2021). სტატისტიკური პუბლიკაცია.
• საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემები (2019-2021).
• საექსპორტო პოტენციალის მქონე აგროპროდუქტები და ნიშური ბაზრები ევროკავშირში (2015).
• ცოცხალი ხილი და ბოსტნეული გერმანიაში (2018) https://gfa.org.ge/wp-content/uploads/2019/05/%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90.pdf
• ხარაიშვილი ე., ლობჟანიძე ნ. (2022). აგროსასურსათო პროდუქტებით ვაჭრობა: გამოწვევები და შესაძლებლობები COVID -19 პანდემიის პირობებში. ,,COVID 19 პანდემია და ეკონომიკა“. უნივერსიტეტის დაარსებისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. თბილისი.
• ხარაიშვილი ე., ზვიადაძე ე. (2011). ნედლი ხილის ევროპული ბაზარი და წარმოების პოტენციალი საქართველოში, ჟურნალი ,,ეკონომიკა და ბიზნესი”. N2.
• David M Granatstein, Elizabeth Kirby, Helga Willer (2013). Global Area and Trends of Organic Fruit Production
https://eumed-agpol.iamm.fr/doc/global_trade_fruits_vegetables.pdf
• FAO. (2021). “Agricultural Trade & Policy Responses During the First Wave of the COVID-19 Pandemic in 2020”. Food and Agriculture Organization of the United Nations Rome, 2021 https://www.fao.org/3/cb4553en/cb4553en.pdf
• Fruit Consumption Per Capita. (2017). Average Fruit Consumption per Person, Measured in Kilograms per Year. https://ourworldindata.org/grapher/fruit-consumption-per-capita
• Fruit & Vegetable Processing Market - Global and Regional Industry Trends, Competitive Intelligence, Analysis of Data, Statistical Data, and Forecast 2022 - 2028” (2022). https://www.globenewswire.com/en/news-release/2022/05/23/2448642/0/en/Forecast-Report-on-Global-Fruit-and-Vegetable-Processing-Market-Size-Share-2022-2028-Will-Hit-US-530-Billion-With-a-CAGR-of-7-5-Industry-Trends-Demand-Companies-Sales-Analysis-Fact.html
• Global Area of Fresh Fruit Harvested From 1990 to 2020. https://www.statista.com/statistics/262270/global-production-of-fresh-fruit-worldwide/
• Fresh Fruit Production Worldwide 1990-2020. https://www.statista.com/statistics/262266/global-production-of-fresh-fruit/
• Global Fruit Production in 2020, by Selected Variety
https://www.statista.com/statistics/264001/worldwide-production-of-fruit-by-variety/
• Global Fruit Industry Factsheet 2020: Fruit Production, Top Fruit Producers, fruit Exports and Imports https://blog.bizvibe.com/blog/global-fruit-industry-factsheet
• Jorge B. Retamales. (2011). World Temperate Fruit Production: Characteristics and Challenges. https://www.researchgate.net/publication/262775366_World_temperate_fruit_production_Characteristics_and_challenges
• Kharaishvili E., Lobzhanidze N. (2022). Preliminary Impacts of the Covid-19 Pandemic on Agri-Food Trade: Challenges and Development Scenarios (Case of Georgia). Globalization and Business. 13, 41-50.
• Kharaishvili E., Gechbaia B., Erkomaishvili G., Lobzhanidze M.,, Natsvlishvili I. (2021). “Shipping Policy of Agri-Food Products and the Formation of Food Markets in Georgia. MATEC Web Conf. Volume 339, 2021. International Conference on Sustainable Transport System and Maritime Logistics (Istsml 2021)
• Kharaishvili E., Gechbaia B., Zviadadze E., Mushkudiani Z., Tsilosani A. (2021). “Trade and Economic Relations Between Georgia and the Czech Republic: Challenges in Export and Import of Agri-Food Products”. E3S Web Conf. Volume 280, 2021 Second International Conference on Sustainable Futures: Environmental, Technological, Social and Economic Matters
• Kharaishvili E., Natsvlishvili I., Lazariashvili T. (2020). Bio-Products Market in Georgia: Current challenges and Development Perspectives, International Journal of Markets and Business Systems, Volume 4, Issue 1
• Papava V. (2020). “On the Reflection of Coronomics in Economic Science and Economic Policy. Globalization and Business, 10, 15-24. https://doi.org/10.35945/gb.2020.10.001
• Porter's Five Forces. https://www.investopedia.com/terms/p/porter.asp /ბოლო ნახვა 20 თებერვალი, 2023/
• Shonia N., Mushkudiani Z., Siradze M. (2022). “Pandemic Era and its Impact on the Investment and Business Environment –Georgian Case. 3.1(1) Access to Science, Business, Innovation in Digital Economy”.
• The Fruits and Vegetables Industry: Market Trends and Prospects of a Dynamic Sector (2021). https://eservices.coleacp.org/sites/default/files/file_fields/2021/OCDE-COLEACP/Programme-session1-OCDE-COLEACP-fruitetlegumes-14-09-2021.pdf
• Sophia Wu Huang. (2004). Global Trade Patterns in Fruits and Vegetables
• Total Value of U.S. Agricultural Exports from 2012 to 2022. Published by M. Shahbandeh. https://www.statista.com/statistics/220767/total-value-of-us-agricultural-exports-since-2000/
• Top 10 Fruit Producing Countries (2022). https://www.edudwar.com/top-10-fruit-producing-countries/
• William H. Friedland. (2019). The Global Fresh Fruit and Vegetable System: An Industrial Organization Analysis. https://www.degruyter.com/document/doi/10.7591/9781501736032-010/pdf

References:


• Geostat (2021). mravaltslovani kulturebis tsarmoeba [Production of Perennial Crops.] in Georgian https://www.geostat.ge/ka/modules/categories/196/soflis-meurneoba
• saqartvelos soflis meurneoba (2021). statistikuri publikacia. [Agriculture of Georgia. Statistical Publication.] in Georgian
• saqartvelos garemos dacvisa da soflis meurneobis saministros monacemebi (2019-2021). [Data from the Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia (2019-2021)]. in Georgian
• saeqsporto potencialis mqone agroproduqtebi da nishuri bazrebi (evrokavshirshi - 2015) [Agricultural Products with Export Potential and Niche Markets in the European Union, 2015]. in Georgian
• cocxali xili da bostneuli germaniashi (2018). [Fresh Fruits and Vegetables in Germany (2018)]. in Georgian
• Kharaishvili E., Lobzhanidze N. (2022). agrosasursato produktebit vachroba: gamotsvevebi da shesadzleblobebi COVID -19 pandemiis pirobebshi. [Agri-food Trade: Challenges and Opportunities in the Context of the COVID-19 Pandemic. International Scientific Conference: "The COVID 19 Pandemic and the Economy".] in Georgian
• Kharaishvili E., Zviadadze E. (2011). nedli khilis evropuli bazari da tsarmoebis potentsiali sakartveloshi. [European Raw Fruit Market and Production Potential in Georgia. "Economics and Business" # 2. Tbilisi.] in Georgian
• David M Granatstein, Elizabeth Kirby, Helga Willer (2013). Global Area and Trends of Organic Fruit Production
https://eumed-agpol.iamm.fr/doc/global_trade_fruits_vegetables.pdf
• FAO. (2021). “Agricultural Trade & Policy Responses During the First Wave of the COVID-19 Pandemic in 2020”. Food and Agriculture Organization of the United Nations Rome, 2021. https://www.fao.org/3/cb4553en/cb4553en.pdf
• Fruit Consumption Per Capita. (2017). Average Fruit Consumption per Person, Measured in Kilograms per Year. https://ourworldindata.org/grapher/fruit-consumption-per-capita
• Fruit & Vegetable Processing Market - Global and Regional Industry Trends, Competitive Intelligence, Analysis of Data, Statistical Data, and Forecast 2022 - 2028” (2022). https://www.globenewswire.com/en/news-release/2022/05/23/2448642/0/en/Forecast-Report-on-Global-Fruit-and-Vegetable-Processing-Market-Size-Share-2022-2028-Will-Hit-US-530-Billion-With-a-CAGR-of-7-5-Industry-Trends-Demand-Companies-Sales-Analysis-Fact.html
• Global Area of Fresh Fruit Harvested From 1990 to 2020. https://www.statista.com/statistics/262270/global-production-of-fresh-fruit-worldwide/
• Fresh Fruit Production Worldwide 1990-2020. https://www.statista.com/statistics/262266/global-production-of-fresh-fruit/
• Global Fruit Production in 2020, by Selected Variety
https://www.statista.com/statistics/264001/worldwide-production-of-fruit-by-variety/
• Global Fruit Industry Factsheet 2020: Fruit Production, Top Fruit Producers, Fruit Exports and Imports. https://blog.bizvibe.com/blog/global-fruit-industry-factsheet
• Jorge B. Retamales. (2011). World Temperate Fruit Production: Characteristics and Challenges. https://www.researchgate.net/publication/262775366_World_temperate_fruit_production_Characteristics_and_challenges
• Kharaishvili E., Lobzhanidze N. (2022). Preliminary Impacts of the Covid-19 Pandemic on Agri-Food Trade: Challenges and Development Scenarios (Case of Georgia). Globalization and Business. 13, 41-50.
• Kharaishvili E., Gechbaia B., Erkomaishvili G., Lobzhanidze M.,, Natsvlishvili I. (2021). “Shipping Policy of Agri-Food Products and the Formation of Food Markets in Georgia. MATEC Web Conf. Volume 339, 2021. International Conference on Sustainable Transport System and Maritime Logistics (Istsml 2021)
• Kharaishvili E., Gechbaia B., Zviadadze E., Mushkudiani Z., Tsilosani A. (2021). “Trade and Economic Relations Between Georgia and the Czech Republic: Challenges in Export and Import of Agri-Food Products”. E3S Web Conf. Volume 280, 2021 Second International Conference on Sustainable Futures: Environmental, Technological, Social and Economic Matters
• Kharaishvili E., Natsvlishvili I., Lazariashvili T. (2020). Bio-Products Market in Georgia: Current challenges and Development Perspectives, International Journal of Markets and Business Systems, Volume 4, Issue 1
• Papava V. (2020). “On the Reflection of Coronomics in Economic Science and Economic Policy. Globalization and Business, 10, 15-24. https://doi.org/10.35945/gb.2020.10.001
• Porter's Five Forces. https://www.investopedia.com/terms/p/porter.asp last seen 20 February, 2023/.
• Shonia N., Mushkudiani Z., Siradze M. (2022). “Pandemic Era and its Impact on the Investment and Business Environment –Georgian Case. 3.1(1) Access to Science, Business, Innovation in Digital Economy”.
• The Fruits and Vegetables Industry: Market Trends and Prospects of a Dynamic Sector (2021). https://eservices.coleacp.org/sites/default/files/file_fields/2021/OCDE-COLEACP/Programme-session1-OCDE-COLEACP-fruitetlegumes-14-09-2021.pdf
• Sophia Wu Huang (2004). Global Trade Patterns in Fruits and Vegetables
• Total Value of U.S. Agricultural Exports From 2012 to 2022. Published by M. Shahbandeh. https://www.statista.com/statistics/220767/total-value-of-us-agricultural-exports-since-2000/
• Top 10 Fruit Producing Countries (2022). https://www.edudwar.com/top-10-fruit-producing-countries/
• William H. Friedland. (2019). The Global Fresh Fruit and Vegetable System: An Industrial Organization Analysis. https://www.degruyter.com/document/doi/10.7591/9781501736032-010/pdf